ნავნემ პანდემიისას ბიზნესის გაფართოება შეძლო
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჰიგიენის, კოსმეტიკისა და პარფიუმერული ნივთები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელსაც ერთ-ერთი მსხვილი აუთლეთ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს. „ნავნე“ 2011 წელს დაარსდა და ამ დღიდან ახოციელებს იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალში. გამომდინარე აუთლეტ ტიპის შესყიდვებისა, „ნავნე“ მომხმარებლებს ამერიკისა და ევროპის ბაზრისთვის გათვალისწინებული მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად აწვდის.
ყველა ბიზნეს სექტორთან ერთად, კორონავირუსის პანდემიამ „ნავნეც“ საკმაოდ დააზიანა. შეზღუდვებმა და ჩაკეტვებმა მათი სამოქმედო და სამომავლო გეგმებიც მკვეთრად შეცვალა. როგორც კომპანიის დირექტორი, ქალბატონი ეკატერინე ნადირაძე გვიყვება, ამ პერიოდში რამდენიმეჯერ დაიხურა ყველა მაღაზია, რაც რითეილ კომპანიისთვის ძალიან დიდ დანაკარგს ნიშნავდა. სიტუაციის გამოსასწორებლად „ნავნე“ Facebook-ისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჰყიდდა პროდუქტს, რაც მნიშვნელოვანი იყო ლოიალურ მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, თუმცა ბიზნესის გადასარჩენად ეს მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ონლაინ შოფის შექმნა დროული ნაბიჯი იყო, მაგრამ მან 23 დახურული ფილიალის კომპენსირება ვერ შეძლო. პანდემიის პირველი ტალღის დროს, ჩვენი მაღაზიები თითქმის ორი თვე სრულად დაიკეტა, მათი გახსნისათვის კი დადგა სესხის აღების საჭიროება, რადგან არსებული პროდუქცია აღარ შეესაბამებოდა მიმდინარე სეზონს. სწორედ ამ დროს კომპანიისა და პროკრედიტ ბანკის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა ჩავრთულიყავით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის პროგრამაში და მიგვეღო სესხი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიიის შემდგომი ფუნქციონირებისათვის.“